XII-XIII სს. ერთიანი და ეკონომიკურად ძლიერი ფეოდალური საქართველოს განათლებამ და კულტურამ მაღალ დონეს მიაღწია. ქართულმა კულტურამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების საქმეში.ქვეყნის მაღალ განვითარებას განსაზღვრავდა სწავლა-აღზრდის საქმე. თამარის დროს სკოლები ძირითადად ეკლესია-მონასტრებთან არსებობდა. საქართველოში მრავლად იყო რიტორიკული სკოლები. ქართული მონასტრების ოპიზის, ოშკის, შატბერდის, ბერთის, ხანძთის და სხვა მონასტრებთან არსებობდა სპეციალური შენობები, რომლებიც სკოლებისთვის იყო განკუთვნილი. საქართველოში სასკოლო განათლების დაწესებულების საქმეში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბიზანტიური განათლების სისტემის ახლო გაცნობამ. თამარის დროინდელი საქართველოს აკადემიებს სათავეში მოძღვართმოძღვარი ედგა. საქართველოს აკადემიებში, ისევე როგორც იმდროინდელ ბიზანტიის უმაღლეს სასწავლებლებში, ისწავლებოდა მეცნიერების შვიდი ძირითადი დარგი: გრამატიკა, ფილოსოფია, რიტორიკა, არითმეტიკა, გეომეტრია, მუსიკა და ასტრონომია. არსებობს მოსაზრებები იმის შესახებ, რომ საქართველოს იმდროინდელ აკადემიებში ისწავლებოდა აგრეთვე მედიცინაც, XIII საუკუნის დასაწყისისთვის საქართველოში იყო ნათარგმნი „წიგნი სააქიმოჲ“. თამარ მეფის მმართველობის პერიოდში, საქართველოს ჰქონდა თავისი საგანმანათლებლო კერები, საზღვარგარეთაც. მათგან აღსანიშნავია:ივერთა მონასტერი ათონის მთაზე, მონასტერი შავ მთაზე, პეტრიწონის მონასტერი ბულგარეთში და სხვა.
XII საუკუნის დასასრულსა და XIII საუკუნის დასაწყისის საქართველოში განსაკუთრებულ აღმავლობას განიცდის ხუროთმოძღვრება. ამ პერიოდში შეიქმნა საქართველოს მნიშვნელოვანი ტაძრები, რომლებშიც მკაფიოდ გამოჩნდა ახალი სტილისტიკური ნიშნები. შეიცვალა ტაძრის პროპორციებიც: გუბათის ყელი შენობასთან შედარებით ძალიან აზრდილია. ამ ტიპის ტაძრებია: იკორთა, ბეთანია, ქვათახევი, ერთაწმინდა და სხვები. ქართულ სამონასტრო ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრა კლდეში გამოკვეთილ სამონასტრო კომპლექსს – ვარძიას. ვარძიის მშენებლობა გიორგი მესამემ დაიწყო და დაასრულა თამარმა. მნიშვნელოვანია აქ არსებული დიდი ეკლესია, რომლის კედლები ფრესკებითაა დამშვენებული. აქ არის გამოსახული გიორგი III-ისა და თამარის პორტრეტები.
თამარის ეპოქის მნიშვნელოვანი საინჟინრო ნაგებობებია ბესლეთის, დონდალოს და რკონის ხიდები. განვითარებული იყო ციხესიმაგრეთა მშენებლობის საქმე. ისინი მიუვალ ადგილებში შენდებოდა. აღსანიშნავია სამხრეთ საქართველოს ციხესიმაგრეები: ხერთვისი, აწყური, ოქროსციხე და თმოგვი.
No comments:
Post a Comment